არჩევნები 2016

NGO-ები ახალციხის ინციდენტის სწრაფ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინციდეტის გამო და მის სწრაფ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ. NGO-ების შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობრივ ინციდენტში სავარაუდოდ გუბერნატორის მონაწილეობის საკითხი. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), სამართლიანი არჩევნები და მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე მათი წამახალისებელი განცხადებებისგან.

NGO-ებს მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება არა მხოლოდ ნივთის (ვიდეოკამერის) აშკარა დაუფლებაზე უნდა გაამახვილოს, არამედ, შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებზეც. 

"მნიშვნელოვანია, რომ შეფასების გარეშე არ დარჩეს შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტები. დაზარალებულის მიერ აღწერილი ქმედება და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია,შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს: „წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარას". გარდა ამისა, ნიკოლოზ ხიზაძის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიტიკურ (წინასაარჩევნო) საქმიანობაში ხელის შეშლა და მსგავსი ფაქტები. აღნიშნულზე მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუკერძოებელი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინცინდენტი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა" - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრის ნიკოლოზ ხიზაძის ინფორმაციით, მას ახალციხის გუბერნატორი და მისი თანმხლები პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ის წევრის თქმით, სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს. მისი მტკიცებით, ამის შემდეგ, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გია ბალიაშვილმა სცემა, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა. 

თავად ახალციხის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი ბრალდებებს უარყოფენ. 
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, უწყება ამ ინციდენტის გამოძიებას "განსაკუთრებულ ყურადღებას" მიაქცევს.

კომენტარები