სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

საგარეო: სარფის პუნქტის მუშაობა საპასპორტო კონტროლის სისტემის გათიშვამ შეაფერხა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეფერხება  საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,"POL NET“- ის სისტემის გათიშვამ გამოიწვია და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. უწყების ცნობით, ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს იმის თაობაზე, რომ იმ პირთათვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან ID ბარათის საფუძველზე. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
 
ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო: +905413262226
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საკონსულო დეპარტამენტი: +995322945050

კომენტარები