არჩევნები 2016

TI: მეორე ტურის წინ სავარაუდოდ მომხდარ დარღვევებზე ეფექტური რეაგირებაა საჭირო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებში გახშირდა შემთხვევები, რომლებიც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. TI აღნიშნავს, რომ "ასეთ ინციდენტებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გახშირებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე". ორგანიზაცია ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და შესაძლო ძალადობის და მუქარის შემთხვევებზე საუბრობს.

"25 ოქტომბერს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურში - ვალერი გელაშვილი - ხვდებოდა ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს და მოითხოვდა მათ მხარდაჭერას. ჩანაწერში მხარეები პირდაპირ საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსების „ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებაზე. შეხვედრის ფაქტს ვალერი გელაშვილიც ადასტურებს.

26 ოქტომბერს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თანამდებობის პირებს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციის კუთხით, ეს არ ნიშნავს მას, რომ თავისი უფლებამოსილების განხორცილების დროს შეუძლია ატაროს აგიტაცია. გარდა ამისა აკრძალულია აგიტაცია ადმინისტრაციულ შენობებშიც, რაც ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, მერმა, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია საკრებულოს სხდომაზე აგიტაციის გაწევით ხელი შეუწყო სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლას და დაარღვია საჯარო სამსახურის ნეიტრალურობის პრინციპი" - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია ახალციხის ინციდენტზეც საუბრობს. კერძოდ, 27 ოქტომბერს სოფელ მუსხში ენმ-ის შტაბის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს. ხიზაძის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

"განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ინციდენტში გუბერნატორის და სხვა საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა. უდავოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის არჩევნების მეორე ტურის წინ მსგავსი შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო, თუმცა მომხდარი შესაძლოა ასევე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. ახალციხეში უმწეოთა სასადილოს ორმა ბენეფიციარმა დაგვიდასტურა, რომ სასადილოში უთხრეს, თუ „ქართულ ოცნებას" მხარს არ დაუჭერდნენ, შეშის ყიდვისთვის განკუთვნილ დაფინანსებს ვერ მიიღებენ, შესაბამისად, ვერც საკვებს მოამზადებენ. ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ინფორმატორთა ვინაობას არ ვასახელებთ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მივაწვდით ბენეფიციართა სახელებს და გვარებს.

დმანისში სოფელ კარაბულაკის სკოლაში, რომლის დირექტორიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განათლების სამინისტროს ადგილობრივმა რესურსცენტრმა სკოლის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა გადამოწმების მიზნით. სკოლის დირექტორი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირებს.

ნინო ხარაიშვილი ადიგენში სოფელ ფხეროს საჯარო სკოლის დამლაგებლად მუშაობს, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. მისი თქმით, სკოლის დირექტორმა ვლადიმერ ველიჯანაშვილმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მას მოსთხოვა შეეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობისთვის" ღია მხარდაჭერა, წინააღდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდა სამსახურიდან. დირექტორმა ერთ-ერთ მიზეზად ასევე დაასახელა ის, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ ადიგენის გამგეობიდან, საიდანაც მას სკოლაში მომუშავე „ნაციონალური მოძრაობს" მხარდამჭერების სია მიაწოდეს.

სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო იძულებული გახდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა გიორგი ჩილინგარაშვილს, რომელიც სოფელ არალში ვეტერინარად მუშაობდა. მისი თქმით, განცხადების დაწერას მას სურსათის უვნებლობის სააგენტოს ადიგენის სერვის ცენტრის თანამშრომლები მერაბ ვარდოსანიძე და ამირან ჩიტაძე აიძულებდა.

წყალტუბოში მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მისი თქმით, ისინი სამთვიანი ხელშეკრულებებით იყვნენ დასაქმებულები და 118 თანამშრომლიდან მხოლოდ მას არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. რესპონდენტმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.

სავარაუდო ზეწოლა განხორციელდა ქალაქ ზუგდიდის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც მაღაზიის გამყიდველმა გვითხრა, რომ მასთან იყვნენ მისული მერიიდან (მისი ვარაუდით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები) და დაემუქრნენ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერობის გამო; უთხრეს, რომ დააჯარიმებენ და ჯიხურს დაუხურავენ, რადგანაც ნებართვის გარეშე აქვს განთავსებული. მას მოსთხოვეს, ხმა აუცილებლად „ქართულ ოცნებას" მისცეს; მაღაზიის გამყიდველმა ასევე თქვა, რომ მას აიძულეს მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრა ჯიხურის კედელზე. გამყიდველს არ სურს, რომ მისი ვინაობა გასაჯაროვდეს, რადგან დაჯარიმების ეშინია.

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის განცხადებით, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა მოითხოვა, ქართული ოცნების სახელით მას დაუპირისპირდა ვინმე ვალერი გუგუჩია, რომელიც მისი ინფორმაციით არის კრიმინალური ავტორიტეტი. გუგუჩიამ მას მოსთხოვა, რომ შეეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მიკროავტობუსით გადაყვანა, ამავე მოთხოვნით დაუპირისპირდა მეორე ტურის დანიშვნის შემდგომაც" - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

კომენტარები