NATO-საქართველო

ჯანელიძე: მივესალმებით NATO-ს აქტივობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმება NATO-ს სამხედრო ყოფნისა და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. საგარეო უწყებამ მინისტრის განცხადება გაავრცელა.

"ჩვენ მივესალმებით NATO-ს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. გუშინ, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.

როგორც ცნობილია, ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა, გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევე ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში. ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრი ამბობს, რომ, თავის მხრივ, საქართველოც მზად არის, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში.

მისასალმებელია, რომ NATO არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში", - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ, კანადა, გერმანია, ჰოლანდია, პოლონეთი და თურქეთი, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გასაძლიერებლად, მზად არიან საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.

კომენტარები