არჩევნები 2016

თავდემების კანდიდატი: ოცნების კანდიდატმა თავი დაანებოს მუქარასა და შანტაჟს

თეიმურაზ გაფრინდაშვილი
თავისუფალი დემოკრატები

"მივმართავ ქართული ოცნების ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს, თუ ის ნამდვილად სცემს პატივს ჭიათურას, პატივს სცემს ჭიათურელებს და ნამდვილად გული შეტკივა ამ მუნიციპალიტეტზე, თავი დაანებოს სოციალურად დაუცველთა, საჯარო მოხელეთა და პედაგოგთა მუქარა-შანტაჟის ხარჯზე დეპუტატის მანდატის მოპოვების მცდელობას. ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში და 30 ოქტომბერს ჭიათურელმა ხალხმა ყოველგვარი შიშის გარეშე გააკეთოს არჩევანი", - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა პარტიის საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ჭიათურაში იმყოფებოდა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე. მისი თქმით, პარტია თეიმურაზ გაფრინდაშვილის გვერდში დგას.

"ვაპირებ, უწყებათაშორის კომისიას მივაწოდო ინფორმაცია წინასარჩევნო პერიოდში ჭიათურაში არსებული დარღვევების შესახებ. თავისუფალი დემორკატების გამგეობის ყველა წევრი ვაპირებთ, არჩევნების დღეს ვიყოთ აქ. აქ იქნება ირაკლი ალასანიაც და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს", -აცხადებს თამარ კეკენაძე.

თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ჭიათურაში კარგად იციან, ვინ არის თეიმურაზ გაფრინდაშვილი და ვინ არის სულხან მახათაძე. თეიმურაზ გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ის ჭიათურაში ხალხის სიყვარულით, მხარდაჭერით, ავტორიტეტით სარგებლობს და ამ სიყვარულის დამსახურებაა მაჟორიტარობის 10 კანდიდატს შორის მისი კანდიდატურის მეორე ტურში გადასვლა.

"30 წელია, მუდმივად ხალხთან მაქვს ურთიერთობა და ამდენივე წელია, ჭიათურაში საქმის კეთების მეტი არაფერი მიკეთებია. კარგად მიცნობენ ჭიათურელები და იციან, რომ ჩემი მაჟორიტარობა უკეთესი ჭიათურის შენების სურვილს უკავშირდება. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ვიღაც უსმენს მათ, ვიღაცას ტკივა მათი ტკივილი და არ ხდება ისე, რომ მათ მხოლოდ საარჩევნოდ იხსენებენ. ჭიათურაში ცხოვრობს მშრომელი, ღირსეული ხალხი. ამ ხალხს თავისი პრინციპები აქვს და მათი დაშინებისა თუ მოსყიდვის ნებისმიერი მცდელობა ცენტრალური ხელისუფლების იმიჯს აზიანებს. ადამიანი, რომელიც თითქმის 4 წელი ამ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო და შეეძლო რეალურად, ხალხის სიყვარული და დაფასება ჰქონოდა, ამგვარ მეთოდებს არ უნდა იყენებდეს, თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ იცის ჭიათურა და არ იცნობს ჭიათურელებს. მე მივმართავ მას, რომ ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში და ამგვარ პირობებში ხალხმა აირჩიოს ღირსეული მაჟორიტარი", - ამბობს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

კომენტარები