არჩევნები 2016

თავისუფალი დემოკრატები ქართულ ოცნებას ჭიათურის მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თავისუფალი დემოკრატების ჭიათურის მაჟორიტარი კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი თავისი მხარდამჭერების დაშინების ფაქტზე საუბრობს. გაფრინდაშვილი მოსახლეობაზე ზეწოლაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს.

"არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ჭიათურაში განსაკუთრებით გამძაფრდა ბრძოლა და უპრეცედენტო ხასიათი მიიღო მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატის ან მისი მხარდაჭერების მიერ მოსახლეობის დაშინების ფაქტებმა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა და მიუხედავად ამისა, რაიონში ავტორიტეტი არ აქვს, საპარლამენტო არჩევნების მოგებას ჭიათურელთა დაშინებით ცდილობს. აშინებენ ყველას - სოციალურად დაუცველებს, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს. სამწუხაროა, რომ დაშინების პროცესში ადგილობრივ დონეზე პოლიციაც ჩაერთო. ჩემთან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის, რომლებიც მსგავს ფაქტებზე საუბრობს. მოგმართავთ ყველას, დაინტერესდეთ აღნიშნული ფაქტებით. არა მგონია, ცენტრალურ ხელისუფლებას მაჟორიტარად უნდოდეს ადამიანი, რომელიც ჭიათურაში მთელ მათ პოლიტიკურ გუნდს არცხვენს და უსუსური მეთოდებით ცდილობს მაჟორიტარის სტატუსის მოპოვებას. დაუშვებელია, მსგავსი რამ ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე აპელირებს და როდესაც მისი ხელისუფლების მთავარ მიღწევად სწორედ არჩევანის და ზოგადად თავისუფლებას ასახელებს", - ამბობს თეიმურაზ გაფრინდაშვილი და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ ჭიათურაში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს სულხან მახათაძეს დაუპირისპირდება. პირველი ტურის შედეგებით, გაფრინდაშვილს ხმათა 19.1% აქვს, ხოლო მახათაძეს - 34.33%.

კომენტარები