არჩევნები 2016

ხოშტარია: მოვუწოდებ შსს-ს, საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე უზრუნველყონ

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხვალინდელ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება მეორე ტურებისთვის. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, თავის ვალდებულებას პასუხისმგებლობით მიუდგეს.

"ხვალ განმეორებითი მნიშვნელოვანი არჩევნები ჯიხაშკარში, განმუხურსა და ყიზილაჯლოში ჩატარდება. ამ უბნებზე ძლიერი პოზიცია გვქონდა და ამიტომაც ჩაშალეს. ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ უბნებზე და თავისი ნება გამოხატონ, იმისათვის, რომ გამარჯვება დავიცვათ, რომელიც ჩვენი ღირსეული კანდიდატებისთვის დამსახურებულია.

ეს მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება მეორე ტურებისთვის და ასევე იმისათვის, რომ ყველანაირად შევეწინააღმდეგოთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მოვუწოდებ, საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე უზრუნველყონ, მათი მოვალეობა შეასრულონ, რათა უბნებზე კრიმინალები არ შეიკრიბონ.გ ანმეორებითი არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არის არა მარტო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნისთვის და ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, თავის ვალდებულებას პასუხისმგებლობით მიუდგეს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ხვალ ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში გაიმართება. საარჩევნო უბნები კანონის მიხედვით, ხვალ, დილის 8 საათზე გაიხსნება.

ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებენ. მარნეულში კი, ერთმანეთს აჰმედ იმამკულიევი და თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგები არჩევნებში გამარჯვებულს პირველივე ტურში გამოავლენს, მეორე ტური ზუგდიდის და მარნეულის ოლქებში აღარ გაიმართება.

ამასთან, ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, ხვალ განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. ერთმანეთს ამ შემთხვევაშიც, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

კომენტარები