არჩევნები 2016

ნარჩემაშვილი: აბსოლუტური ლეგიტიმაციით ხელისუფლებაში ყოფნა შეუძლებელია

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ტაბულას კითხვას, რამდენად სამართლიანია საარჩევნო სისტემა, რომელშიც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერის მქონე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს და ჩანს თუ არა ძალაუფლების უზურპაციის ნიშნები, პასუხობს, რომ ასეთია საარჩევნო კანონმდებლობა და წარმომადგენლობითი დემოკრატია. ძალაუფლების უზურპაციის ნიშნებს კი ნარჩემაშვილი ვერ ხედავს.

"არა, რა თქმა უნდა, არ არის ძალაუფლების უზურპაციის ნიშნები. მითხარით ერთი ქვეყანა, მათ შორის ყველაზე უფრო განვითარებულიც, სადაც მოსახლეობის 100%-დან 100-ივე იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ასეთი რამ, უბრალოდ, არ ხდება. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ნაკლოვანებებიც და უპირატესობაც ეს არის, ამაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერჯერობით არ მოუგონია და ვეჭვობ, რაიმე მოიგონოს.

თუ ჩვენ გვინდა, აბსოლუტური ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ძალა მივიღოთ ხელისუფლებაში, მაშინ უნდა შევძლოთ, გამოვიყვანოთ ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა და შემდეგ ჩანაწერი გავაკეთოთ, რომ გამოცხადებული აბსოლუტური უმრავლესობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა მისცეს ხმა. ასე არცერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არაა. არჩევნები არის ისეთი, როგორიც არის. ეს არითმეტიკული გაანგარიშებები ხშირ შემთხვევაში ინსინუაციებთანაა დაკავშირებული.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, აბსოლუტური ლეგიტიმაცია აქვს ქართულ ოცნებას, არჩევნების შედეგების შესაბამისად, რომ მართოს ქვეყანა, თუ მეორე ტურში ისეთივე მხარდაჭერა იქნება, საკონსტიტუციო უმრავლესობით", - თქვა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილის თქმით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

კომენტარები