შეზღუდვები გზებზე

შსს: 23 ოქტომბერს თბილისის ზოგ უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

panoramio.com

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 23 ოქტომბერს, "თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

"აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება:

კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

მოძრაობა აიკრძალება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური "მარჯანიშვილის" მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე",- წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლებს სოლოლაკიდან გადაადგილება შეეძლებათ ლადო ასათიანის, ოვანეს თუმანიანის და გორგასლის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით. ხოლო ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.

"ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო "რედისონისკენ", ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.

უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ მოეწყობა.

კომენტარები