არჩევნები 2016

კანდელაკი: ყველაფერი გააკეთეს, რომ ღიად პრორუსულ ძალას 5%-იანი ბარიერი გადაელახა

გიორგი კანდელაკი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს, რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა "ღიად პრორუსულ ძალას", პატრიოტთა ალიანსს.

"ცხადია, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მოქალაქის არჩევანს, მათ შორის მათ არჩევანსაც, ვინც ხმა ამ კონკრეტულ ძალას დაუჭირა. თუმცა, თავად ცესკოს თავდაპირველი შედეგებით, აღნიშნულ ძალას ჰქონდა მხოლოდ 4.97% და ვერ ლახავდა ბარიერს. მთავრობის დავალებით, ცესკომ გააუქმა სწორედ ის უბნები, სადაც ამ პარტიას ჰქონდა ხმების ძალიან ცოტა რაოდენობა ან საერთოდ ვერ მიიღო ვერცერთი ხმა. ამ მანიპულაციით, ცესკომ ხელოვნურად გამოაკლო ხმების საერთო რაოდენობას 3311 ხმა, რითაც შეამცირა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა ისე, რომ თავად ამ ძალის მიერ მიღებული ხმები თითქმის იგივე დარჩა.

მაგალითად, ცესკომ გააუქმა განმუხურის უბანი, სადაც ხმის დათვლის დროს თავმჯდომარე გაიქცა, მაგრამ თვლა მაინც დასრულდა ექსცესების გარეშე და ოქმიც ხელმოწერილ იქნა. ამავე დროს, ბათუმის უბანი ნომრით 70.79.31, რომლის ოქმზე არ იყო საერთოდ არცერთი ხელმოწერა, ცესკომ და სასამართლომ მაინც ძალაში დატოვა. დმანისში და მარნეულის 34-ე უბნებზე, სადაც ასევე ნოლი ან ხუთი ხმა ჰქონდათ, ცესკომ შედეგების გაუქმების საბაბად ტექნიკური შეცდომა გამოიყენა, მაშინ როცა კანონი ამგვარი შეცდომის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სანქციად მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს და არა შედეგების გაუქმებას", - თქვა კანდელაკმა.

კანდელაკმა ბრიფინგზე ე.წ. მწვანე უბნებზეც ისაუბრა. "საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ, ჩვენ გარდა, პარტიების უმრავლესობა საუბრობს ე.წ. მწვანე უბნებზე, სადაც პირდაპირ იწერებოდა ოქმები. ამგვარი უბნების არსებობის სიმპტომია, როცა ერთმანეთის გვერდით მდებარე ორ უბანში ერთგან ხდება ადეკვატური შედეგის დაფიქსირება, მეორეგან კი ოპოზიცია იღებს ნულ ხმას, ან ხმების ძალიან მცირე რაოდენობას. მაგალითად, მესტიის 47-ე ოლქში მე-6 და მე-19 უბნებზე ენმ-მ მიიღო 0 ხმა. მე-7 და მე-20 უბნებში, რომლებიც ამ ორი უბნის გვერდითაა განლაგებული, გვაქვს 35% და 32% შესაბამისად. ამგვარი ფენომენის ახსნა მათემატიკურად შეუძლებელია.

ასევე, არჩევნების დღეს, 8 საათზე მთელს მესტიაში გამოირთო ელექტროენერგია ისე, რომ ენერგო პროს ოფიციალურ პირებს გათიშული ჰქონდათ ტელეფონები. მომხდარი უკვე საკმარისია ამ პირების დასაკითხად და გამოძიების დასაწყებად, რაც, ცხადია, არ მომხდარა. ამ ოლქის - მესტია, ლენტეხი, ამბროლაური, ონი და ცაგერი ყველგან გვქონდა მაღალი პროცენტი, გარდა ლენტეხისა, სადაც დაგვიწერეს 7%, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლების კანდიდატს პირველივე ტურში გასულიყო", - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები