ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების მეორე ტურისთვის კამპანია "+1" დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.
"გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია - +1. იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ 1 ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან ნაციონალური მოძრაობისთვის არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე", - თქვა გიორგი კანდელაკმა.





