ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა

პრეზიდენტის სპიკერი: პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს ხალხზე გავლენა აქვს

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო.

"პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს - ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე. პრეზიდენტი მიესალმება, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია, დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი", - თქვა სპიკერმა.

ტაბულას კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პრეზიდენტს, რომ პოლიტიკოსების ჰომოფობიური განცხადებები და ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე საუბარი საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებს, სპიკერმა უპასუხა, რომ პოლიტოსებისგან ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები დაუშვებელია, რადგან ამგვარი განცხადებები საზოგადოებაში შესაბამისი განწყობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობაზე გავლენას ახდენს პოლიტიკოსების გამონათქვამები, რა საკითხთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს ეს. ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკოსებისგან ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს საზოგადოებაში ასეთი ტენდენციების უფრო მეტად გაძლიერებას", - თქვა სპიკერმა.

კომენტარები