არჩევნები 2016

ფრუიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობის შიში, აუცილებლად ენმ-ის მხარდაჭერას არ ნიშნავს

რაც შეეხება არჩევნებს, აქაც ბევრი რამ იქნება გასაანალიზებელი. მე ვფიქრობ, მთავარი კითვხა არის რატომ მოხდა ისე, რომ საერთო ამომრჩეველთა 24.5% (856638 ამომრჩეველმა) აირჩია საკონსტიტუციო უმრავლესობით პარტია (ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თუ რომელმა პარტიამ აიღო ეს უმრავლესობა). ეს კიდევ ერთხელ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა შორს არის დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული საარჩევნო სისტემისაგან. ან იმას ხომ არ გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე არმისულ 47% ამომრჩეველს არ სჯერა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ან თვლის, რომ მისი ხმა ვერაფერს შეცვლის ამ ქვეყნის განვითარებაში. თუ ეს ასეა, მაშინ უფრო საშიში ხდება ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება.

ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მომდევნო მეორე ტურში, მაჟორიტარული ოლქების 95% –ში არჩევანი მოქმედ და მის წინამორბედ პარტიას შორის არის გასაკეთებელი. ვინც მე მიცნობს და ვინც იცის ჩემი ცხოვრების განვლილი ეტაპები (მათ შორის ორწლიანი პატიმრობა წინა ხელისუფლების დროს), ვერ იტყვის რომ ჩემი პრიორიტეტი ნაცმოძრაობის მაჟორიტარები შეიძლება იყვნენ.
არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ შემთხვევაში რომელიმე ჩემს გულშემატკივარს ან მეგობარს ვურჩიო ამა თუ იმ კანდიდატს ან პარტიას მისცეს ხმა. ყველა თავის სათქმელს თვითონვე იტყვის.

მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ქვეყნის უახლესი ისტორიის იმ ეტაპებს, როდესაც ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა და როგორ დაასრულდა მათი მმართველობა, მე მეშინია. მოქკავშირმა 1999 წელს მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და შედეგად 2003 წლის ნოემბერი მივიღეთ. ნაცმოძრაობამ 2008 წელს ასეთივე უმრავლესობა მიიღო და როგორ გამოიყენა ის ყველას კარგად გვახსოვს.

ამიტომ მესმის იმ ადამიანების, რომელიც ამბობენ რომ ეშინიათ ერთი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის და არ მგონია, რომ ისინი მაინცდამაინც ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრები არიან, როგორც ეს ზოგიერთს უნდა რომ წარმოაჩინოს. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანს კიდებ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნებს. ალბათ უნდა დავასრულოთ ერთმანეთისათვის იარლიყების მიკერება და გადავიდეთ ამა თუ იმ იდეის გარშემო გაერთიანებაზე, დისკუსიაზე, თუ რომელი მიმართულება გამოადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შემდეგ კი უნდა გავაცნოთ მოსახლეობას ჩვენი არგუმენტები და მოსაზრებები და ვეცადოთ მოვიპოვოთ მათი ნდობა არა ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლით, არამედ ჩვენს მიერ მოყვანილი არგუმენტებით. და თუ ეს შევძელით, დამერწმუნეთ, აღარავის არ შეეშინდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის, შესაძლო გაუაზრებელი ან ვიღაცაზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების. იმიტომ რომ ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში მათი ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნიკოლოზ ფრუიძე წერს საკუთარ Facebook-ის გვერდზე

კომენტარები