ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3537 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით, ორ თეთრზე მეტით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6103 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5942 ლარი იყო. ლარის კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით, 1.61 თეთრი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ჯამში $180 მილიონი სავალუტო რეზერვი გაყიდა. სებ-ი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.





