არჩევნები 2016

წულუკიანი მარნეულში დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მიესალმება

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მიესალმება. წულუკიანის მოსაზრებით, დაპირისპირება პროვოკაციულმა ძალებმა დაგეგმეს.

"როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა, არ შეიწყნარა და სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგად მარნეულში კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, ზოგიერთმა პროვოკაციულმა ძალებმა დაგეგმეს. ახლა უკვე საქმე სასამართლოს ხელშია, ამიტომ ყველანაირი განცხადება, კომენტარი, თუ რას იზამს და რას გადაწყვეტს სასამართლო, ზედმეტია. ჩემთვის მთავარია ის, რომ საქართველოს პროკურატურა ითხოვს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახით და მე ამ შუამდგომლობას მივესალმები", - ამბობს წულუკიანი.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე 6 პირი საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე გუშინ დააკავეს. მათი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნება სპეცრაზმისა და დაშინების გზით ცდილობს მეორე ტურის მოგებას.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარობისას კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მომხრეებს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ ხულიგნობაში ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურა არა პატიმრობას, არამედ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები