არჩევნები 2016

შარტავა: სახელმწიფო მართვის სისტემამ ათიათასობით ხმა კოხტად გადაილაგა

ეროვნული ფორუმი/facebook

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახაბერ შარტავამ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო მართვის სისტემამ ათიათასობით ხმა გაყალბების, დაშინების, ზეწოლისა და მოსყიდვის მეშვეობით მიისაკუთრა, რაშიც ამომრჩეველმაც მიიღო მონაწილეობა.

"როგორც იქნა, სრულდება არჩევნები და გილოცავთ დასრულების პროცესს, თუმცა არის შედეგები, რომლებსაც არ გილოცავთ და ვერ მოგილოცავთ. არის შედეგები, რომელთა შეცვლასაც ჩვენ, ალბათ, ცალ-ცალკე ვერ შევძლებთ. არის შედეგები, რომელთა გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე თანდათან გამოჩნდება და როგორც დადგა ეს შედეგები, ესეც თანდათანობით გამოჩნდება. სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციის აუცილებლობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ათასობით, ათიათასობით ხმა ისე კოხტად გადაილაგა, რომ თითქოს, ვერც კი მიედავები. ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული - გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის. მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია. ეს ბათილი ბიულეტენები რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და, მათ შორის, ათასობით ეროვნული ფორუმის ხმა. ათასობით და ათიათასობით ხმა გადაილაგა სისტემამ ყველა მეთოდის გამოყენებით და მოახერხა ეს, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ამ პროცესში ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობისა. ბევრმა თავი გაიმართლა იმით, რომ დაშინდა, ბევრი გაიყიდა და მიეყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს აუცილებლად ათამაგად ამოიღებს ქვეყნისგან და ამისათვის მთლიანად ჩაიგდებს ხელში საქვეყნო რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს და ოჯახს, ყველა ოჯახში შევა, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა და ასეთი არჩევანი პატივისცემას არ იმსახურებს. დანარჩენმა ამომრჩეველმა თავისი ცალმხრივი არჩევანის გაკეთებით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარტიის მიღებას", - თქვა შარტავამ.

ეროვნული ფორუმის ლიდერმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელშიც, მისი თქმით, თავმოყრილი იქნება სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსი. მისი მტკიცებით, ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, არ წარმოადგენენ თვითკმარ პოლიტიკურ სუბიექტებს და სწორედ ამიტომაა საჭირო მათი გაერთიანება.

კომენტარები