არჩევნები 2016

ცესკო: ვიმსჯელებთ, ხმათა 4.998% არის თუ არა საკმარისი ბარიერის გადასალახავად

ცესკო
ცესკო

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 4.998% აქვს. მისი განმარტებით, არის თუ არა ეს მაჩვენებელი საკმარისი იმისთვის, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს, ამაზე ცესკო იმსჯელებს.

"პატრიოტთა ალიანსს მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის პროცენტულად - 4.998%. პროგრამამ, რა თქმა უნდა, ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს, მათემატიკაა ელემენტარული. თუმცა, ამ წუთის მონაცემები - 4 998% არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადაალახოს 5%-იანი ბარიერი, თუ მონაცემები არ შეიცვლება, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს", - აცხადებს მიქელაძე.

ცესკოს საიტზე კი წერია, რომ პატრიოტთა ალიანსს 88 177 ხმა აქვს მიღებული. საარჩევნო კომისიას გუშინ ღამიდან, ალიანსისთვის 5% უწერია. 3702 უბნიდან, ხმები დათვლილია 3686 უბნის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ გუშინ ღამე, როდესაც ცესკომ მონაცემები განაახლა, ასევე 3686 უბანი იყო მითითებული დათვლილად, პატრიოტთა ალიანსს კი, 88 032 ხმა ჰქონდა. შესაბამისად, ცესკოს საიტზე, ხმების რაოდენობისგან განსხვავებით, დათვლილი უბნების რაოდენობა არ გაზრდილა. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით:

"საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა".

კოდექსის ჩანაწერი დამრგვალებას საერთოდ არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის დამრგვალება ბარიერის გადალახვის ლეგიტიმურ საფუძვლად არ უნდა ჩაითვალოს.

კომენტარები