არჩევნები 2016

ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართა.

"ვინაიდან მე ვერ ვხედავ აქტიურ შესაძლებლობას ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქტიურად მოვახდინოთ გავლენა, მივიღე გადაწყვეტილება ვაკეთო ისეთი რამ, რითიც შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას. ვაკეთო საინტერესო საქმე, რითიც ბევრს მოვუტან საქართველოს და ჩემს ამომრჩეველს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დროებით გავიდე პოლიტიკიდან. სადაც არ უნდა ვიყო, დავრჩები საქართველოს რიგით ჯარისკაცად. ვიქნები ჩართული პროცესებში იმ კუთხით, რომ გვერდში ვედგე ჩემს ერს. მაგრამ საქართველოს საზოგადოების არჩევანის, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ, არ მჯერა. პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ ბევრად განახლებული, გააზრებული და უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ მომავალ არჩევნებს. მჯერა და მწამს, საქართველო იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი", - თქვა ალასანიამ. 

როგორც ცნობილია, ალასანია გორში, მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურში გავიდა. "მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო გორელებს, ვინც მხარი დამიჭირა. როგორც იცით, იგეგმება მეორე ტური. მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი კამპანია. იმიტომ, რომ იმ დაპირებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანი ჩანაფიქრით პარლამენტში", - თქვა მან.

ალასანიასვე თქმით, პარტიაში რეორგანიზაცია მოხდება და ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"უახლოესი პერიოდის განმავლობაში გავაანალიზებთ შედეგებს, რატომ ვერ გავიმარჯვეთ. ამას მიზეზები აქვს. უნდა დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია, განახლება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თავისუფალი დემოკრატები სერიოზულად მოვემზადებით და გავაგრძელებთ ბრძოლას ადგილობრივი და შემდეგი არჩევნებისთვის. მომავალ არჩევნებზე საიმედო შედეგს დავდებთ", - თქვა ალასანიამ.

ალასანიას სჯერა, რომ საქართველო იქნება სახელმწიფო, რომელიც არ დაუშვებს უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმას.

თავისუფალი დემოკრატები დატოვა ალექსი პეტრიაშვილმაც.

კომენტარები