არჩევნები 2016

უსუფაშვილი: შედეგების გამოქვეყნების პროცესში იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი

David Usufashvili Official/Fb.com

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არჩევნების მიმდინარეობასა და ხმის დათვლის პროცესს აფასებს. უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნები არალეგიტიმური არ ყოფილა, თუმცა, იყო ხარვეზები საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შეჯამებისას. მისივე თქმით, შედეგების გამოქვეყნებისას "გარკვეული ფარული ხელი იგრძნობოდა".

"საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შეჯამებისას და ოქმების გამოცხადებისას. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მინდა, ყველამ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს აღარ განმეორდეს, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პორციებით, რაღაც გარკვეული ლოგიკით. ეს დაუშვებელია და მე ვისურვებდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის საფუძველი არ გვქონდეს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს, ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა უფრო სასურველი ტელეეკრანზე არჩევნების დასაწყისში და არჩევნების ბოლოს. სამწუხაროდ, ფარული ხელი, რომელზეც მოგახსენეთ, ვიცოდით, რომ ადამ სმიტიდან მოყოლებული საბაზრო პროცესებს არეგულირებდა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების მარეგულირებლადაც გვევლინება. სამწუხაროდ, ეს იყო იმ ტენდენციების გაგრძელება, რაც წინასაარჩევნოდ ჩვენ მრავლად ვნახეთ: შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები და ა.შ. ასე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი საუბნო კომისიის ოქმები, რომლებიც ვიღაცა პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებდნენ, სხვისთვის - მინიმალურად შესაძლოს და შემდგომ პროცესში ეს შედეგები რაღაც ლოგიკით მიდის იმ საზღვრამდე, სადაც დღეს მივედით. ამასობაში ეს რაღაცნაირად შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების მონაცემებს, რომლებმაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ დაამტკიცეს საკუთარი უსუსურობა და არაობიექტურობა. ეს ყველაფერი ხარვეზებია, რომლებიც გამოსასწორებელია, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური, იმიტომ, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება", - თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შედეგების გამოცხადების პროცესზე "ვიღაც ზრუნავს".

"მე ვაღიარებ და ვენდობი იმ შედეგებს, რაც დაიდო. არ ვენდობი პროცესს, რა თანმიმდევრობითაც ქვეყნდებოდა შედეგები. როგორღაც მოხდა ისე, რომ პირველი 400 უბნის მონაცემი ისე გამოქვეყნდა, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა ეგზიტპოლში ნაჩვენები შესაძლო მაქსიმუმი, ხოლო ყველა სხვას - მინიმუმი. შემდეგი ოქმების შეყვანის პროცესში ოცნების შედეგებმა დაიწია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის და სხვების აიწია. შემთხვევით როგორ ხდება ასეთი ამბები. რაღაც პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს და, ცოტა არ იყოს, ინფორმაციაც გვაქვს. ამიტომ, მე არ ვამბობ, რომ ცესკომ რამე გააყალბა. მაგრამ ნამდვილად ვამბობ, რომ როცა დევს 1000 უბნის მონაცემი, ამ 1000-დან ჯერ რომელი 300 შემოვიყვანო, მერე რომელი 300 და მერე კიდე რომელი 400 - ამაზე ვიღაც ზრუნავს. ეს არ არის სწორი და ყველაზე კარგად გამოვლინდა პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით. ბოლო 10 უბანია შესაყვანი და კიდევ გაურკვეველია, 5%-ის ზევით არის თუ ქვევით", - ამბობს უსუფაშვილი.

კომენტარები