არჩევნები 2016

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია უბნებზე მომხდარი დარღვევების სწრაფი გამოძიება

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დღის მიმდინარეობა და ხმის დათვლის პროცესი შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია "პროვოკაციულ შემთხვევებზე" სწრაფი და დროული რეაგირება.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და მონაწილეობის ის პროცენტი , რაც დაჯდა , ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო პროცესი, რომელიც მიმნდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომელიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დეღმაც ასევე მშვიდად ჩაიარა. ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდობიანად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის, აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი გამოძიება. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები.  ეს არჩევნები შეფასდება და ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება , როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8ოქტობრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და იმითაც, როგორ მივალთ არჩევნების მეორე ტურებამდე და როგორ ჩავატარებთ მეორე ტურებს. წინასწარი მონაცემებით, არაერთი მეორე ტური იქნება, შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიურები იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩევლემა უნდა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა პროცესში, ისევე, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. მოვუწოდებ, შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით იმ დარღვევებზე, განსაკუთრებით რაც დათვლის დროს გამოვლინდა, მოახდინოს დროული რეაგირება. ყველამ ერთად, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით ჩატარებული არჩევნები",- თქვა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები