არჩევნები 2016

კობახიძე: დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება "ქვეყანაზე ზრუნვას მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს“.

"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ საპარლამენტო არჩევნებზე. ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმარავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის მომავალზე. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო არჩევნები. არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს მეორე ტურში. არჩევნები 3600-ზე მეტ უბანზე წარიმართა უპრეცვედენტოდ მშვიდ ვითარებაში“, - ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ინციდენტები მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა.

"შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სცადეს საარჩევნო პროცესის ჩაშლა, რა დროსაც ისინი ფიზიკურად დაპირისპირდნენ ჩვენ აქტივისტებს და პოლიციის თანამშრომლებს. ინციდენტის შედეგად დაშავდა მარნეულის პოლიციის უფროსი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს ვაფრთხილებდით, რომ ნაციონალური მოძრაობა შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და ამით ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიუხედავად, გუშინ საეთერო დროის დიდი ნაწილი სამწუხროდ, დაეთმო მარნეულის ინციდენტის გაშუქებას, რაც იყო კიდეც ნაციონალური მოძრაობის მიზანი. ამ მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე", - თქვა კობახიძემ.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება გუშინ მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფი საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი, სპეცრაზმი მივიდა.  

ამასთან, ქართული ოცნების მტკიცებით, არეულობა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტვივისტებმა მოაწყვეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ენმ და აცხადებს,რომ საარჩევნო უბანი ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს და ყუთი გაიტაცეს. შსს-ს ვერსიით კი, ყიზილ-აჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

კომენტარები