არცევნები 2016

ბოკერია: ჟვანია ყველანაირად ეცადა, შედეგები ოცნების ეგზიტპოლს დამთხვეოდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, თამარ ჟვანიამ გამოსაცხადებლად ისეთი უბნების შედეგები, ნაწილი გაყალბებული და ნაწილი რეალური, შეარჩია, რომელთა მონაცემებიც ქართული ოცნების ეგზიტპოლის მონაცემს დაემთხვეოდა. ბოკერიას განცხადებით, კვლავ გრძელდება და იგეგმება იმ უბნების დარბევა, სადაც ენმ ლიდერობს. მან 3:00 საათზე ცესკო-სთან აქციაც დააანონსა.

"ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარის, როცა მან ამდენ საათიანი დუმილის შემდეგ , არც აუტვირთავს უბნები, არც უთქვამს, რა გეოგრაფიით შეარჩია ის უბნები, უბრალოდ, გამოგვიცხადა ფურცლიდან წაკითხული და დაამთხვია ივანიშვილის დაკვეთით შეთითხნილ ეგზიტპოლს ოცნების ციფრი 53%. ამასობაში გრძელდება ის ძალადობა, დარბევები, ჩაშლის მცდელობა და გაყალბება, განასაკუთრებით იმ უბნებზე, სადაც ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გვაქვს კონტაქტი და გვეუბნებიან, რომ გააძლიერეს დაცვა და ეს პროცესი გრძელდება. განმუხურშიც ჩაიშალა უბანი, სადაც, ჩვენი მონაცემებით, მათ წააგეს და სხვა ადგილებშიც. ამდენი ხანი ცესკო-ს თავმჯდომარეს, როცა დარღვევები ხდებოდა უბნებზე, ხმა არ ამოუღია. თავისთვის იჯდა და ფურცელზე წერდა, არჩევდა უბნების შედეგებს გაყალბებულს ან ნაწილს რეალურს, რომლითაც შეაკოწიწებდა ამ ციფრს.

ეს არის უმძიმესი ვითარება. ჩვენ გვექნება გამაფრთხილებელი აქცია ცესკო-სთან იმიტომ, რომ ცესკო-ს ამ საქციელმა კიდევ უფრო თვალნათელი გახადა, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ამას არ შევეგუებით ნამდვილად. ამის ილუზია თუ აქვს ივანიშვილს და მის გუნდს - მარიონეტებს და მონებს, რომლებსაც ახლა ვუსმენთ, ძალიან ცდებიან", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები