არჩევნები 2016

ბოკერია: ცესკო უპრეცედენტოდ წელავს შედეგების გამოქვეყნების დროს

ტაბულა

ერთიანი ნაციანალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ცესკო უპრეცენდენტოთ წელავს დროს. მისი თქმით, ასეთი რამ საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილა და ამით მხოლოდ ქართული ოცნებაა დაინტერესებული.

"ძალიან მკაფიო სურათია - როგორც კი ნათელი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდისთვის, რომ მთელი ეს საარჩევნო უმძიმესი ვითარება, მათი ზეწოლა და დღევანდელი დღის ამბებიც არ აღმოჩნდა საკმარისი მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად და ძალაუფლების შენარჩუნების გასანაღდებლად, ახლა ვხედავთ იმას, რასაც დიდი ხანია, აღარ ველოდით საქართველოში, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უპრეცენდენტოდ წელავს დროს , არც მახსოვს როდის იყო, რომ პირველის ნახევარზე არ ყოფილიყო დადებული შედეგები, თუ არ ჩავთვლით ავღანეთში 2 დღის წინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ეს უკვე არის საგანგაშო ვითარება, ასეთი რამ უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დროს ხელისუფლება იმ საარჩევნო უბნების ძალადობით ჩასაშლელად იყენებს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა დიდი უპირატესობით იგებს. 

"რაც კიდე უფრო უარესია, როგორც ჩანს ცალკე ინსტრუქციაა, რომ ადგილებზეც გაიწელოს ოქმების შეჯამება. ამ დროის გამოყენება ხდება იმ უბნების ჩასაშლელად, ან პირდაპირ ძალადობით, ან საოქმო კომისიის ძალადობით იქ, სადაც ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა, ვიგებთ და ეს შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ოლქებში ბრძოლისას. ეს არის ძალიან მძიმე ვითარება, ივანიშვილი და მისი მარიონეტების გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით ეთამაშებიან ცეცხლს და დროზე უნდა მოეგონ გონს, რადგან იმ შედეგებით, რომლებიც ახლა გვაქვს, პროპორციული არჩევნების შედეგები იქნება ძალიან ახლოს, ან დამთავრდება ჩვენი უპირატესობით, ან მცირე იქნება განსხვავება და ყველაფერი გადაწყდება მაჟორიტარული ოლქებში, სადაც ჩვენ ბევრგან ვართ ფავორიტები და გვაქვს პირველი უბნის შედეგები - დიდი უპირატესობით ბევრი. ასე რომ აქ არათუ კონკურენცია გრძელდება, არამედ მთავრობა არის პანიკაში, სხვანაირად ასეთ სამარცხვინო, ორგანიზებულ მოქმედებას ვერ წარმოვიდგენდი მე და ისევ კორცხელში აპირებენ ამ ყველაფრის გაგრძელებას", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობას პროცესების მშვიდად დასრულება სურს, თუმცა ამისთვის ცესკო უნდა მოვიდეს გონს და ახლავე დაიწყოს შედეგების გამოქვეყნება.

"ეს არის ძალიანი სერიოზული გაფრთხილება. ჩვენ გვინდა ამ პროცესის მშვიდად დამთავრება, მაგრამ ამისთვის ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ დაითვალონ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ახლა ეს ყველაფერი არის საფრთხის ქვეშ, ველოდებით სწრაფ რეაგირებას, რომ ეს ყველაფერი აღიკვეთოს, ცესკო მოვიდეს გონს და ახლავე დაიწყოს გამოქვეყნება და დამთავრდეს ეს ძალადობის ვაკხანალია", - დაამატა ბოკერიამ.

კომენტარები