არჩევნები 2016

ტუღუში: მარნეულში უბანი ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს, გატაცებულია ყუთი

გიორგი ტუღუში
ენმ

მარნეულში, 48-ე, ყიზილაჯლოს უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გიორგი ტუღუშის თქმით, ქართული ოცნების აქტივისტებმა უბანი დაარბიეს, ასევე გაიტაცეს საარჩევნო ყუთი.

"ადევნებთ თვალს, რა ხდება მარნეულში, ყიზილაჯლოს უბანზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც წაიღეს უბნიდან. რამდენადაც ვიცი, უბანზე ის არ დაბრუნებულა. პოლიციამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა პრევენცია, ის იყო საკმაოდ არაეფექტური. პოლიციის ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი, ვერ უმკლავდებოდა ამ თავდამსხმელებს. მინდა, აღვნიშნო, რომ, როგორც ჩანს, ქართული ოცნება აგებს არჩევნებს. ეს ძალადობა, რომელიც ჩვენი თვალით ვიხილეთ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე, გამოწვეულია იმით, რომ ისინი გრძნობენ და ალბათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს.

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ქართული ოცნების კანდიდატის, ბატონი ნავერიანის ვიზიტები როგორც ამ, ასევე ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც ემუქრებოდა გარეთ შეკრებილ ხალხს, რომ საერთოდ დაკეტავდა ამა თუ იმ უბანს და არ მისცემდა ამომრჩევლებს საშუალებას, გამოეხატათ საკუთარი ნება.

გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება, თავიდან, როდესაც დარბევა დაიწყო, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, კომისიის წევრები მომწყვდეული იყვნენ შენობაში, რომელსაც უშენდნენ ლოდებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, საგნებს. შსს-ს წარმომადგენელმა მითხრა, რომ მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები და ყველანაირად შეეცდებიან, რომ მოხდეს დეესკალაცია და საარჩევნო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ფარგლებს", - თქვა ტუღუშმა.

გიორგი ტუღუშის თქმით, "მესმის, რომ ეშინიათ არჩევნების წაგების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავს ინციდენტებს უნდა ჰქონდეს ადგილი. ახლოვდება უბნების დახურვის დრო, ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. მოძალადეები, რომლებმაც დაარბიეს უბანი, სათანადო პასუხს აგებენ კანონის წინაშე".

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ბრიფინგი უკვე გამართა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და მომხდარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დაადანაშაულა.

კომენტარები