არჩევნები 2016

ალასანია: ვისაც გინდათ, წარსულში დატოვოთ გაუტანლობა, არ დარჩეთ სახლში

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების გორის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ალასანია ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ალასანიას თქმით, ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მეტნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჯერ არ მიუცია ხმა "არ დაიზარებს და გააკეთებს თავისუფალ, მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას".  

"ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მიმდინარეობს მცირე დარღვევებით და შედარებით ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო თავისუფალი დემოკრატების ამომრჩეველს! ვისაც გინდათ, რომ წარსულში დატოვოთ გაუტანლობა და დაპირისპირება, არ დარჩეთ სახლში. აქამდე, ვინც მობრძანდით არჩევნებზე, ეს არის პირველი ნაბიჯი, ახლა უნდა გაიაზროთ, რომ დარჩენილ დროში გამოძებნოთ დრო, თქვენი სამოქალაქო ვალი მოიხადოთ და ხმა მისცეთ საქართველოს უკეთეს მომავალს. ამიტომ გთხოვთ, რომ რვა საათამდე მიბრძანდეთ არჩევნებზე და საკუთარ მომავალს მისცეთ ხმა. საერთაშორისო და ასევე ჩვენი თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებლები თვალს ადევნებენ მიმდინარე არჩევნებს. ასევე მინდა გითხრათ, არცერთი ხმა, ეს იქნება თავისუფალი დემოკრატების  თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება, ობიექტურობა ამ არჩევნებში იქნება შენარჩუნებული, რადგან უპრეცენდენტოდ დიდია ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების და პროფესიონალთა რიცხვი, ვინც ადევნებს თვალყურს პროცსებს და არ დაუშვებს გაყალბებას, კანონდარღვევის არც ერთ შემთხვევას. ამიტომ თამამად მიბრძანდით ყველანი არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენი გულის კარნახით", - განაცხადა გორში ირაკლი ალასანიამ. 

კომენტარები