არჩევნები 2016

ცესკო: დუშეთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები ლაგოდეხში მოხვდა

გურამ კაკალაშვილი / დავით ბერიძე/facebook.com

ლაგოდეხის სოფელ მაწიმიაში დუშეთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები მიიტანეს. შესაბამისად, მათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხი-ყვარელის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის გურამ კაკალაშვილის სახელი, გვარი და პარტიული ნომერი არ წერია. კაკალაშვილი ამ შემთხვევას გაყალბების მცდელობას უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ამ ოლქში არჩევნებს ყოველთვის ენმ-ის წარმომადგენელი იგებს.

"5 ნომერი საერთოდ ამოღებულია სიიდან. ფოტო არის ჩემი გადაღებული და ჩემი გავრცელებული. ეგ ბიულეტენები მიიტანეს გაყალბების მიზნით, ეგ უბანი ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერია, ყოველთვის 60-70 %-ით ვიგებთ. სწორედ ეს არის მიზეზი, მათ გაყალბება სურთ. უბანზე მოტანილია სავარაუდოდ ჩასაყრელად გამზადებული ზედმეტი ბიულეტენები, იმდენად უნიათოები არიან, რომ აერიათ ეს ბიულეტენები და ზოგი ბიულეტენი არის ნორმალური და ზოგი კი ისეთი, სადაც 5 ნომერი საერთოდ არ არის", - ამბობს გურამ კაკალაშვილი.

ცესკოში აცხადებენ, რომ ბიულეტენები აირია და ეს ტექნიკური ხარვეზია.

"ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა, ერთმანეთს შეერია დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის და ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქების ბიულეტენები. ასეთი სულ 2 ბლოკნოტია, ჯამში, 100 ბიულეტენი. ეს ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა, ის ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც გამოიყენეს ლაგოდეხში, კანონის თანახმად გაბათილდება", - თქვა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, ამ შემთხვევის შედეგად, ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ შეცდომით სხვა ოლქის მაჟორიტარს მისცა ხმა. კომისია სწორედ ასეთ ბიულეტენებს გააბათილებს.

დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის გაერთიანებული ოლქი ერთადერთია, სადაც ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავს.

კომენტარები