არჩევნები 2016

საია: ჩვენმა დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია" იპოვა

საია
gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. 14:00-ის მონაცემებით, ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 62 საჩივარი და 48 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

კერძოდ, საიას დამკვირვებელმა ნაძალადევის მე-18 უბანზე მოიპოვა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია", რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა საარჩევნო უბანზე. სიის გადამოწმების შედეგად საიამ გამოავლინა ფაქტი, როდესაც ამომრჩეველი მისი თანხმობის გარეშე აღმოჩნდა სიაში.

"საია ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში საუბრობდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებდნენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავდნენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. აღსანიშნავია, რომ სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება ამომრჩევლის თანხმობის გარეშე აკრძალულია" - აცხადებს ორგანიზაცია.

საია-ს ცნობითვე, ზუგდიდის #93 უბანზე დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის დარეგისტრირებაზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.

"ბათუმის #1 უბანზე კი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას და არასათანადო ქცევას, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კომისიის საქმიანობაში ჩარევას, რაც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციითვე, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

"განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. (სამგორის #24,25,26, ნაძალადევის #18, დიდუბის #6, თელავისა და ლაგოდეხის უბნებზე)" - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

ორგანიზაცია სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებაც საუბრობს.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მთაწმინდის ოლქში #20, #22 უბნებთან ადგილი ჰქონდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩევლებისათვის თანხის დარიგებას. საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე მისვლისას მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

კომენტარები