არჩევნები 2016

HRIDC: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილი ხმას ვერ აძლევს

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაერთვა. ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ოთხ რეგიონში აკვირდება. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში;

"სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან 9 ოქტომბრის 20:00 საათამდე დროებით ჩაკეტა ე. წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი. გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტმა მიიღო, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიუხედავად, ისევე როგორც წინა სხვა არჩევნებისას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები ცდილობენ, გადმოვიდნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ სოფლებში და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო ჯგუფი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯრიადან გვატყობინებს, რომ #50 საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბნის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვერ შეძლო ოკუპირებული ტერიტორიის სოფელ ქარძმანიდან გადმოსვლა და საარჩევნო უბანზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

დამკვირვებელთა ინფორმაციით, სოფელ ჯრიაში #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 450 ამომრჩევლიდან 70 ამომრჩეველი ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ჯრიაში 7 ოქტომბერს გადმოვიდა სპეციალურად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნაწილი კი ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ხმის მიცემას ვერ შეძლებს. ასეთივე მდგომარეობაა სოფელ პერევში #43 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული 773 ამომრჩევლიდან 74 ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს" - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

კომენტარები