არჩევნები 2016

TI: დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ არჩევნების მიმდინარეობა 07:00-დან 12:00 საათამდე შეაფასა. მათი თქმით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა მათ 5 საჩივარი დაწერეს.

"იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენ მიერ დაიწერა 5 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახით დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომიისიებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანიშნული წევრების მიერ უარის თქმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობაზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა : ზუგდიდის ორივე ოლქში, ნაძალადევში  (17.18-ის ოლქის  მე-40 და 17.09 30-ე), ბათუმში (68.79-ის მე-4 უბანზე), ჩხოროწყუში  (67.69-ის 27-ე უბანზე), ფოთში ორ უბანზე (61.70-ის მე-11 და 61.70-ის 24-ე უბნებზე), საგარეჯოში (23.11-ის 36-ე უბანი), გურჯაანში (24.12-ის 30-ე უბანი), ახალციხეში (44.37-ის 35-ე უბანი)“, - ამბობენ TI-ში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყოა უბანზე მიტანილი; მათივე თქმით, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროული ყოფნა ბოლნისში, ახალქალაქსა და ახალციხეში.

"ბათუმი 69.73 ოლქის მე-8 უბანზე, კრწანისის 07.04 ოლქის მე-18 უბანზე, ქუთაისი 49.48 ოლქის 55-ე უბანზე და გორი 41.32 ოლქის 22-ე უბანზე ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი თავდაპირველად არ შუეშვეს, თუმცა ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა“, - ამბობენ არასამთავრობოში.

TI-ისვე თქმით, ხონის 54.55 საარჩევნო ოლქის 28-ე უბანზე ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩატარების აქტში მითითებულ ნომრებს. მიუხედავად ამისა, ცესკომ გააგრძელებინა კენჭისყრა. "ახსნა-განმარტება არ დაწერილა, ამიტომ დავწერეთ საჩივარი. საჩივარი არ დაგვირეგისტრირეს",- თქვეს არასამთავრობოში.

"ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აფორმებდა საჩივარს. მასიურად ვხვდებით იგივე პრობლემებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბევრ უბანზე.

რუსთავის 30.20. ოლქის 30-ე და მარნეულის 35.22. ოლქის 72-ე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა.

შიდა ქართლში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში (ქარელი 40.33 ოლქის N13)“, - აცხადებს TI.

TI-ის დღევანდელ არჩევნებზე 400 ადგილობრივი დამკვირვებელი ჰყავს.

კომენტარები