არჩევნები 2016

ენმ: ნასაკირალში ოზურგეთის გამგებელი ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას ითხოვდა

გიორგი ტუღუში
ენმ

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გააკეთეს განცხადება. ბრიფინგი გიორგი ტუღუშმა გამართა.

"ზუგდიდის #15 უბანზე დააფიქსირეს შემაჯამებელი ოქმი, რომლის დიდი ნაწილი იყო შევსებული და მასზე უკვე იყო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერა. ეს პრობლემა ადგილზე აღმოფხვრეს.

გარდა ამისა, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები ნასაკირალში, ეს არის ოზურგეთის მე-60 უბანი, უბნის შესასვლელ კართან ეწეოდნენ აგიტაციას, მას შემდეგ, რაც მიუთითეს დარღვევაზე და სთხოვეს გაცლოდნენ იქაურობას, ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე, რომელიც ითხოვდა ამ ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას, რაც ასევე აღკვეთეს ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა.

ნინოწმინდაში 26-ე უბანზე, 4 პირი ხმას აძლევდა საარჩევნო კაბინის გარეთ, კომისიის თავმჯდომარის მაგიდაზე, ასევე ეწეოდნენ აგიტაციას უბანში ქართული ოცნების სასარგებლოდ. რაც ასევე, აღიკვეთა ჩვენი დამკვირვებლების და კომისიის წევრების მიერ", - თქვა ტუღუშმა ბრიფინგზე. მისივე თქმით, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

კომენტარები