გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შსს თარგამაძის საქმეზე: ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ტიპის იარაღები ამოვიღეთ

გივი თარგამაძის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პიროვნებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პირების ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

"როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.

ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმა თქვა, რომ ენმ-ის წევრის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმე გახსნილია. ამ დროისთვის გლდანში, დავით ხეჩუაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. დღევანდელი სპეცოპერაცია ენმ-ის საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ კლოუნადად შეაფასა. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ GDS და ტელეკომპანია იმედი ეკითხებოდნენ ხეჩუაშვილის მეზობლებს, ხომ არ იყო ის ნამყოფი უკრაინაში. ხოლო ხეჩუაშვილის მამამ თარგამაძის აფეთქების საქმეში მისი შვილის ბრალეულობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ მისი შვილი უკვე ხუთი დღეა, რუსეთში იმყოფება.

4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით თარგამაძე გუშინ დაკითხეს. აფეთქების შემდეგ, ღამით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ "ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა".

კომენტარები