ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: სამწუხარო იქნება, თუ ხალხი დოლარს მაშინ იყიდის, როცა აუცილებელი არაა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ქუმსიშვილი ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზად ბაზარზე ჩამოყალიბებულ ნეგატიურ მოლოდინებს ასახელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დოლარი იყიდონ/გაყიდონ, როდესაც ეს რეალურად იქნება საჭირო. 

"ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მით უმეტეს ახლა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრდა და ქვეყანაში ვალუტაა შემოსული, ლარის გაუფასურებას არაფერი მოასწავებს. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი, ის საკმაოდ სტაბილურია. პროგნოზირება, ზოგადად, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა წინასაარჩევნოდ ლარის გაუფასურება არ დაუშვან. გოცირიძის თქმით, ქვეყანაში გაცილებით უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობის პერიოდიც იყო, თუმცა ეროვნულ ბანკს მაშინ ამ მოცულობის ინტერვენციები არ განუხორციელებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეზერვები წინასაარჩევნოდ იყიდება.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ფულად-საკრედიტო ბაზარზე. ლარი შეიძლება ითქვას, რომ მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა იგი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ხვალამდე. ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა $160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა $120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია. არ არის გამორიცხული, დღესაც შეატყობინოს ბიზნესს ეროვნულმა ბანკმა, რომ აპირებს დოლარის გამოტანას ორშაბათისთვის, რომ ლარი დაამშვიდოს და შექმნას ლარის სტაბილურობის ილუზიები", - ამბობს გოცირიძე.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა, თუმცა ამ ინტერვენციით ლარის გამყარება ვერ შეძლო და კურსი 0.2 თეთრით მაინც გაუფასურდა.

კომენტარები