არჩევნები 2016

NGO-ები: კამპანიის მიმდინარეობას ზიანი მიაყენა ბოლო დღეების ძალადობრივმა აქტებმა

არასამთავრობო ორგანიზაციები

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ.

"წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენების და ზეწოლის ფაქტების მასშტაბის სიმცირით ხასიათდებოდა. კამპანიას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ გვაქვს საფუძველი, განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებულმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებაზე არსებითი გავლენა მოახდინა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა აქტებმა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. ყველა ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ორ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ბრალიც წაეყენათ", - წერია NGO-ების შეფასებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევები.

"ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მიუღებელი მეთოდებით ფორმირება წარმოადგენდა. ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა, მსგავსი ტიპის დანაშაულების სისტემურობისა და დაუსრულებელი გამოძიებების გამო, სამართალდამცავთა საქმიანობის ეფექტიანობის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია. წინა წლებთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდებოდა პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი და მატერიალური ღირებულებებითა და მომსახურების გაწევით, ასევე, საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის შემთხვევები. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ აღნიშნული სახის სამართალდარღვევების წინააღმდეგ არაეფექტიანი ზომები იქნა გატარებული", - აცხადებენ NGO-ები და აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღეს ორგანიზებული ხვდება.

"გარკვეულ გამოწვევად იქცა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი რიგ საარჩევნო ოლქებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველს ექნება საშუალება, საარჩევნო უბანზე ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს", - ნათქვამია არასამთავრობოების შეფასებაში.

კომენტარები