არჩევნები 2016

GFK-ის ეგზიტპოლი - 220 საარჩევნო უბანზე 10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხება

საპარლამენტო არჩევნებზე GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს რუსთავი 2 და ტაბულა გამოაქვეყნებენ. კვლევის მეთოდოლოგიაზე დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და GFK-ის ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, კომპანია BCG მთელი საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე 10 ათას ამომრჩეველს გამოკითხავს.

"ჩვენი მთავარი კრიტერიუმი ადგილობრივი პარტნიორის შერჩევისას იყო მისი გამოცდილება და ის, თუ როგორ მკაცრად სრულდება მათი მხრიდან ჩვენი წესები და რეგულაციები, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჩვენს სტანდარტებს. გადავწყვიტეთ, ამ ეგზიტპოლისთვის შეგვერჩია კომპანია, რომელსაც აქვს ჩვენთან მუშაობის გამოცდილება, წინა ეგზიტპოლის ჩათვლით. რაც შეეხება ოჯახის წევრების თემას, ამერიკაში ბევრი სააგენტო და პარტნიორია, სადაც ცოლი დემოკრატია, ქმარი კი რესპუბლიკელი. ჩვენ არ ვამოწმებთ მათ ოჯახურ დეტალებს, ჩვენთვის ღირებულია მიუკერძოებლობა, ის, თუ როგორ მუშაობს ჩვენი პარტნიორი კომპანია. ჩვენ მიერ შერჩეული ჯგუფი სანდოდ მიგვაჩნია" - თქვა GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ვადიმ ვოლოსმა.

GFK-ის ეგზიტპოლის შედეგები 8 ოქტომბერს, 20 საათზე გამოქვეყნდება. ვადიმ ვოლოსის ინფორმაციით, ცდომილება სავარაუდოდ, 1% იქნება.

კომენტარები