გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

NGO-ები: აფეთქების გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს

ენმ

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ენმ-ის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

"მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება. ამ შემთხვევას წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად ქართული ოცნების აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციებისა თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა.

აქვე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე; ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება; ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს და გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები