გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ალასანია: აფეთქებით ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის

თავისუფალი დემოკრატები

თავისიფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ალასანიას განცხადებით, იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს.

"საარჩევნო გარემო დღითი დღე უფრო იძაბება, პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნის. სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად ფაქტი პოლიტიკოსის აფეთქების, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ.

თავისუფალი დემოკრატები ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტაბისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან, ასეთი განუკითხაობა და იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისაგან, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ ეკისრება", - ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის მცდელობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები