ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, თუ რატომ აიღო ქართულმა ოცნებამ ქართუ ბანკისგან სესხად 1 მილიონი ლარი, პასუხობს, რომ პარტიას ანგარიში ქართუ ბანკში აქვს გახსნილი, შესაბამისად, ამ ბანკთან ურთიერთობა პარტიისთვის შედარებით კომფორტულია.
"ჩვენ ქართუ ბანკში გვაქვს გახსნილი პარტიის ანგარიში და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველაზე კომფორტული იყო ამ ბანკთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების გაფორმება", - ტაბულას პასუხობს კობახიძე.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მის დაფუძნებულ პარტიას ფინანსურად გაუჭირდა, რადგანაც "სესხს დალხინებული კაცი არ ღებულობს".
ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად მაღალი ალბათობით ოცნების სესხს საქართველოს ბიუჯეტი დაფარავს.
ქართუ ბანკის სესხი შესაძლოა პოლიტიკური შემოწირულობის 60 ათას ლარიანი ლიმიტის გვერდის ავლას წარმოადგენს. არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის ლიმიტით დადგენილ თანხაზე მეტის შეწირვის უფლება არ აქვთ, თუმცა კანონმდებლობა კომერციული ბანკებიდან სესხად გაცემული სესხების ნაკადებს არ არეგულირებს. შესაბამისად, დაფინანსების ამ წყაროს გამოყენებით კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლაა შესაძლებელი.

ფოტო: sao.ge





