თბილისის მერია

10 ახალი ავტობუსი ოქტომბრიდან #61 ხაზზე გავა

თბილისის მერია

MAN-ის 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი უკვე თბილისშია და უახლოეს დღეებში #61 ხაზზე გავა. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება.

მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები #51 ხაზს დაემატება. თებერვლის ბოლომდე კი თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება, რომლის შესაძენადაც თბილისის მუნიციპალიტეტმა თანხები USAID-ის კლიმატური ცვლილებების პროგრამის ხელშეწყობით მოიძია.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ავტობუსების მძღოლებს რამდენიმე დღის განმავლობაში დამატებითი სწავლება ჩაუტარდებათ და ახალი ავტობუსების სამართავად სათანადოდ აღიჭურვებიან.

„დღეს პირველი 10 ავტობუსი ჩამოვიდა და მზად არის. ავტობუსები უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე გავლენ 61 მარშრუტზე და დაიწყებენ მგზავრთა გადაყვანას. მძღოლები მომზადებულები არიან, თუმცა, შემდეგი რამდენიმე დღე, მათ მაინც ჩაუტარდებათ დამატებითი სწავლება. მძღოლებს სპეციალური ფორმები ექნებათ, სათანადოდ აღჭურვილები იქნებიან იმისათვის, რომ შეძლონ თანამედროვე ავტობუსების მართვა და მგზავრების მომსახურება", – თქვა დავით ნარმანიამ.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

კომენტარები