არჩევნები 2016

იმედის კვლევა: ქართული ოცნება 32,7% , ენმ - 12,8%, თავისუფალი დემოკრატები - 3%

იმედი

ტელეკომპანია იმედმა კომპანია JPM-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა, კლვლევა JPM-მა იმედის დაკვეთით მოამზადა. იმის მიუხედავად, რომ კითხვარი JPM-მა შეადგინა, რეალურად მოსახლეობის გამოკითხვა  ქართულმა კომპანია GORBI-მ ჩაატარა. კვლევა 16-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1187-მა ადამიანმა მიიღო. GORBI-მ კვლევის შედეგები მხოლოდ ხუთ დღეში დათვალა. 

კითხვაზე მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, გამოკითხულთა 61%-მა დადებითი პასუხი გასცა.

იმედის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება 32,7%-იანი მხარდაჭერით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12,8%-იანი მხარდაჭერით ლახავენ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ჩატარებისას გირჩი ჯერ კიდევ საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი იყო.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას JPM-ის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 32,7%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12,8%
  • თავისუფალი დემოკრატები - 3%
  • ლეიბორისტულ პარტიას - 2,9%
  • სახელმწიფო ხალხისთვის - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2,2%
  • პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 2,1%
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1,7%
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები - 0,7%
  • მრეწველები - 0,3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 41,3%
  • სხვა პარტიები - 0,1%

რამდენად გავლენიანია კვლევითი კომპანია JPM

იმედის დაკვეთით კვლევის კითხვარი ამერიკულმა კომპანია JPM-მა შეადგინა. ამ კომპანიის შესახებ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ JPM-ის ყოველწლიური შემოსავლები $250 ათასამდეა და მას მხოლოდ ერთი დასაქმებული ჰყავს, ეს კომპანიის დირექტორი ჯონ მორეირაა. JPM სხვა კვლევით კომპანიებთან შედარებით, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს იკვლევენ გაცილებით მცირე ზომისაა. აგვისტოში მოსახლეობის აზრის კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა კომპანია GFK-იმ, რომელიც JPM-ს თანამშრომელთა რაოდენობით 1000-ჯერ შემოსავლების მოცულობით კი 1300-ჯერ აღემატება.

JPM არც ყველაზე გავლენიანი და წარმატებული კვლევითი ორგანიზაციებისორმოცდაათეულში არაა. კომპანიის შემოსავლები ყველაზე გავლენიანი კომპანიების სამეულთან (Nielsen, IMS, Kantar) შედარებით 7 ათასჯერ, დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 6 ათასჯერ ნაკლებია. ორმოცდაათეულის ბოლო სამეულთან შედარებით კი JPM თანამშრომელთა რაოდენობით 50-ჯერ, შემოსავლებით კი დაახლოებით 65-ჯერ მცირეა.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც იმედის დაკვეთით მოსახლეობა გამოკითხა

კომპანია GORBI რომელმაც 15-24 სექტემბრის შუალედში საქართველოს მასშტაბით, 1 187 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. Gorbi ასევე არჩევნების დღეს კომპანია TNS-თან ერთად იმედის, GDS-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტპოლის ჩატარებასაც გეგმავს. ფაჩულიამ ეგზიტპოლის პრეზენტაციის დღეს იმედის კონკურენტი ეგზიტპოლის დამკვეთი ტელეკომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს დაცინვით მიმართა

მერაბ ფაჩულიას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს. ტელევიზიებში ფიქრობენ, რომ TriMedia Intelligence-მა რეიტინგების გამზომი ხელსაწყოები ანუ ფიფლმეტრები დაამონტაჟა ოჯახებში, რომელთა შერჩევაც არ ასახავს რეალურად ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის შემადგენლობას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა. თავად მერაბ ფაჩულია ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესის კავშირს უარყოფს.

TriMedia-ს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტიც აქვს, რადგანაც ის ზომავს მისი თანამფლობელის გოგა თევდორაძის ტელეკომპანია პალიტრა ტვ-ის რეიტინგებსაც.

 

კომენტარები