ტრანსპორტი

S&P-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი შეამცირა

Getty

საერთაშორისო საკრედიტო კომპანია S&P-მა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი კორპორაციული რეიტინგი B+-მდე შეამცირა. აქამდე რკინიგზა B+-ზე ერთი საფეხურით მაღალ რეიტინგს BB-ს ფლობდა. რეიტინგის გაუარესება რკინიგზისთვის ახალი ფინანსების მოძიებას სავარაუდოდ გააძვირებს.

რკინიგზის შემოსავალმა 2016 წლის პირველ კვარტალში $88 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2016 წლის პირველ კვარტალში 800 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად, 45%-ით პირველ კვარტალში ნედლი ნათობის გადაზიდვები შემცირდა.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ წლის ბოლოს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება.

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები