ბარბარე რაფალიანცის საქმე

რაფალიანცის დედა: გამომძიებლისგან ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ხელჩასაჭიდი არაფერია

ipn.ge

ბარბარე რაფალიანცის დედა შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვს. თათია მექერიშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქმე თაროზეა შემოდებული. მისივე თქმით, "ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია".

"ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს? ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის. ახლა რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია? ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლისთავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები?" - აცხადებს მექერიშვილი.

ბარბარე რაფალიანცის დედის თქმით, მანანა ბერიკაშვილთანაც ითხოვდა შეხვედრას, მაგრამ შენობაშიც არ შეუშვეს.

"გვითხრეს, არ არისო, არადა, ვიცოდით, რომ იქ იყო. ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მაგრამ არ გვახვედრებენ. ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას საკესრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე. ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გაძლო, გადარჩებაო. ჭამა მაშინვე დაიწყო და გადარჩა. ძალიან აქტიური ბავშვი იყო და ის დღეს აღარ მყავს. ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე", - აცხადებს ბარბარე რაფალიანცის დედა.

2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. მაშინ, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა. შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

2014 წლის სექტემბერში, თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა გაავრცელა 2014 წლის 6 თებერვალს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქართული ოცნების ყოფილი ადვოკატი ლალი ბიწოშვილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეთანხმების გარეშე. 

საპარლამენტო უმცირესობამ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა რანდენჯერმე მოითხოვა, თუმცა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები