ბარბარე რაფალიანცის საქმე

გედევან ფოფხაძემ ღვინიაშვილს რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მოუბოდიშა

pirveliradio.ge

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი ღვინიაშვილს  ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებების გამო ბოდიში მოუხადა.

"ეს ბოდიში ჩემი მხრიდან დაგვიანებულია. როგორც თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ვაცხადებ, რომ ირაკლი ალასანია ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანია და ის, რაც მან მაშინ თქვა, იყო შეცდომა. დარწმუნებული ვარ, ირაკლისთვისაც არ არის პრობლემა, რომ ეს აღიაროს", - განაცხადა ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, რაფალიანცის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ იქნება, რადგან ბავშვის ტრაგედიის პოლიტიზირებას მოახდენს.

"ეს ისეთივე შეცდომა იქნება, რაც თავის დროზე ჩემს თანაგუნდელებს ნამდვილად შეეშალათ და უნდა ვაღიაროთ, რომ შეეშალათ. ეს არ იყო მორალურად გამართლებული - როგორი პოლიტიკური ფონიც არ უნდა ყოფილიყო, ასეთი რამ არ უნდა გაჟღერებულიყო", - განაცხადა ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,"ეს შემთხვევა მოხდა ნაციონალების დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

საპარლამენტო უმცირესობა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხovda . გიორგი ღვინიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების ადვოკატის ლალი ბიწოშვილის გაკეთებულმა განცხადებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ რაფალიანცის მკვლელობის ფაქტი დაგეგმილი იყო და ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა". ბიწოშვილი 2014 წლის 6 თებერვლის ჩანაწერში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში  და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეთანხმების გარეშე. 

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

კომენტარები