სირიის კრიზისი

პაუერი: სირიის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები ბარბაროსობაა და არა ტერორიზმთან ბრძოლა

Reuters

გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები ბარბაროსობაა და არა ტერორიზმთან ბრძოლა.

პაუერის თქმით, სანამ რუსეთი და ასადის რეჟიმი ომის გაგრძელებაზე იქნებიან ორიენტირებულები, სირიაში კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. მან ასევე, უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართა: "გაბედეთ და თქვით - ვინ არის დამნაშავე, ერთხმად მოვუწოდოთ რუსეთს შეჩერებისკენ".

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის თქმით კი, აშშ-ს სირიაში სამშვიდობო ზავის შესრულების ხელშეწყობა არ სურს. მისივე თქმით, სირიაში მშვიდობის დამყარება ამ ეტაპზე, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ ალეპოში საშინელების დასასრულებლად უფრო აქტიურად იმუშაონ.

კომენტარები