არჩევნები 2016

გირჩი "ოცნებას" მოუწოდებს, ჯაფარიძის სასარგებლოდ ვაკეში გეგიძის კანდიდატურა მოხსნას

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. გირჩი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ვაკეში ბიძინა გეგიძის კანდუდატურა მოხსნან. როგორც წერილში წერია, ზურა ჯაფარიძე "ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია", ასევე, გირჩის მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ყველა აქტუალური თემა მისი შექმნილია, ამიტომ მაჟორიტარულ არჩევნებში მისი დამარცხება და ბიძინა გეგიძის გამარჯვება, უსამართლობა იქნება.

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონებო, ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე.

დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია. რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება.

ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია.

გარდა ამისა, ზურამ შეასრულა "გირჩის" შექმნის დროს გაცემული დაპირება და კუთვნილი ადგილი პარტიულ სიაში თანამოაზრეებს დაუთმო. თუ არა ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის აპათია პოლიტიკისადმი, რაც ხელისუფლების დამსახურებითაა გამოწვეული, ბატონ ბიძინას პოლიტიკურ მოედანზე ზურასთან ისეთივე შანსი ექნებოდა, როგორც ზურას ბიძინასთან რაგბის მოედანზე.

ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.

ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.

ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ რჩევა. მოხსენით ვაკეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა", - ნათქვამია ღია წერილში.

ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სიის მე-12 ნომერია და მაჟორიტარად ვაკეში იყრის კენჭს.

კომენტარები