თბილისის მერია

რურუა: სირცხვილია, რომ რუსთაველზე ელექტროპანდუსები არ მუშაობს

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა დღეს თბილისში შშმ პირების პრობლემებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შშმ პირები მიწისქვეშა გადასასვლელებით ვერ სარგებლობენ, რადგან ელექტროპანდუსები არ მუშაობს.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ შეუძლიათ, ისარგებლონ მიწისქვეშა გადასასვლელებით იმიტომ, რომ არცერთი ელექტროპანდუსი არ მუშაობს.  რუსთაველზე არის რამდენიმე დამონტაჟებული, ამაში გადაყრილია საკმაოდ დიდი თანხა. გადაყრილია, იმიტომ რომ ისინი არ მუშაობს დღემდე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობა და მერიის მხრიდან დანაშაულის, კორუფციისა და დაუდევრობის შემთხვევა იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სიარული, აიძულებენ, რომ გადავიდნენ წესის დარღვევით და გარისკონ სიცოცხლე. ეს არის დაუშველებელი და სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი პანდუსების პრობლემა. ელექტროპანდუსების შეკეთება უნდა იყოს მერიის პირველი პრიორიტეტი. ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ გვყავს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ქცევის უფლება ნარმანიას და მის ნათესაობას, რომელიც შემძვრალია მერიაში, არ აქვთ", - ამბობს რურუა.

როგორც მერიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, დაზიანებულია ოპერასთან მდებარე ელექტროპანდუსის მხოლოდ ერთი მხარე. მათივე განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილსერვის ჯგუფს გადაეცა, რომელიც პანდუსების კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"გვაქვს ოთხი პანდუსი - ორი ვაკის პარკთან და ორი ოპერასთან. ვაკის პარკთან არის გამართული, ხოლო რუსთაველზე, ერთ მხარეს მიკროსქემა და პულტია მოქალაქეების მიერ დაზიანებული. მიწისქვეშა გადასასვლელები მაისში გადაეცა თბილსერვის ჯგუფს, მანამდე უძრავი ქონების სააგენტო განკარგავდა. სულ 22 მიწისქვეშა გადასასვლელია და თბილსერვის ჯგუფს სჭირდებოდა ყველას აღწერა და ინვენტარიზაცია. რადგან ინვენტარიზაცია დამთავრდა, მოლაპარაკების პროცესი მიდის კომპანიასთან იმისთვის, რომ მიკროსქემა და პულტი იქნას შესყიდული. როგორც კი იქნება მიკროსქემა და პულტი შესყიდული, ცალი მხარე ამუშავდება. ახლა მეორე მხარეც გათიშულია იმიტომ, რომ ერთი მხრიდან რომ ჩავიდეს ადამიანი, მეორე მხარეს ვეღარ ამოვა. ოპერასთან მდებარე პანდუსი არ მუშაობს დაახლოებით მაისიდან. ადრე გამართულად მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დაამტვრიეს, არ მუშაობს. ვაკის პარკთან მდებარე პანდუსიც დაზიანებული იყო და ერთი კვირაა, რაც გაკეთდა", - განმარტეს მერიაში.

კომენტარები