არჩევნები 2016

ბოკუჩავა: ენმ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ დაესწრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ბოკუჩავა ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ დაესწრება და მხოლოდ დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

"უწყებების მხრიდან არ არის მზაობა იმის, რომ გამოძიებული იყოს კონკრეტული დანაშაულის ფაქტები, მათ შორის, ძალადობის, ძალადობის პროვოცირების.. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, იქნებოდა ეს ჯიხაშკარში, ბოლნისში, დედოფლისწყაროში. ამ ფორმატმა, რომელმაც არ და ვერ შეასრულა საკუთარი ფუნქცია, გადაიქცა ფარსად“, -თქვა ბოკუჩავამ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცალკეული დარღვევები საერთო სურათზე გავლენას არ ახდენს.

"არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, სამართლიან გარემოში. რაც შეეხება ცალკეულ დარღვევებს, ასეთია აგიტაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები, სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები და ა.შ. თუმცა, მთლიანობაში ეს ყველაფერი გავლენას არ ახდენს საერთო სურათზე. არჩევნები არსებითად წარიმართება მშვიდობიან გარემოში, ყველას აქვს აგიტაციის წარმართვის საშუალება", - აღნიშნა კობახიძემ.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ამიტომ სხდომას შს მინისტრის მოადგილე უძღვებოდა.

კომენტარები