თბილისის მერია

ნარმანიას ორწლიანი ანგარიშის წარდგენიდან თავისუფალი ზონის წევრები გამოაძევეს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დავით ნარმანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. არასამთავროები დარბაზიდან მერის დაცვამ გააძევა. ნარმანია არასამთავრობოების შეკითხვებმა გააღიზიანა.

"სრულიად შემთხვევით მოვდიოდი, გავიგე, რომ აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი ორწლიან პრეზენტაციაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ. შევედი და როგორც კი ქალაქის მერმა დამინახა, „შენ, ბიჭო, აქედან მოშორდი“ - ზუსტად ამ ლექსიკით მომმართა, მომიგზავნა დაცვის სამსახური, რომელმაც ჩემზე იძალადა და ძალადობით გამომაძევეს შენობიდან. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. მივედი, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემი კითხვები მქონდა, მაგრამ უუნარო ნარმანიას შეეშინდა", - თქვა თავისუფალი ზონის წევრმა ბესო კალაძემ.

დავით ნარმანია კი ამბობს, რომ ეს არასამთავრობოები ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციებია.

"ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს საქმიანობას სხვადასხვა, ბრჭყალებში - საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა უხეში გამოხტომებით, თუმცა, მინდა, გითხრათ ის, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი", - ამბობს თბილისის მერი.

კომენტარები