ბანკი რესპუბლიკა

TBC ბანკი რესპუბლიკა ბანკის შესყიდვით საქართველოს უმსხვილესი ბანკი ხდება

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკი "ბანკი რესპუბლიკის" აქციების 93.64% 315 მილიონ ლარად შეიძენს. ეს ტრანზაქცია უდიდესი იქნება ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. 

თიბისი ბანკი "ბანკი რესპუბლიკის" აქციების 93.64 %-ს („სოსიეტე ჟენერალის" 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ხდება თიბისი ბანკის აქციების 5.4% - ის მფლობელი, შესაბამისად, ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იქნება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

რაც შეეხება "ბანკი რესპუბლიკის" აქციების დარჩენილ 6.36%-ს, რომელიც "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" ეკუთვნის, თიბისის უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზეც.

შერწყმის შედეგად:

  • თიბისი ბანკი ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3% -ით და აღწევს 35.7 %-ს. ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს.
  • თიბისი ბანკის პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
  • კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს.
  • გაფართოვდება თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო ბანკომატების - 517-მდე.

ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე. ამ გარიგებაში თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan, ხოლო Baker and Mckenzie LLP-საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

ამასთანავე, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ შეიძენს სს „პროგრესბანკის" აქტივების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) და დეპოზიტების (საბაზრო ღირებულებაა 108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. თიბისი ბანკისთვის ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების მხოლოდ 1.6 %-ს.

ეროვნული ბანკის განცხადება

"კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში."- წერია განცხადებაში.

კომენტარები