ბანკი რესპუბლიკა

ჰუალინგ ჯგუფი ბანკ რესპუბლიკას ყიდულობს

mycard.br.ge

ბანკმა რესპუბლიკამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ფრანგული სოსიეტე ჟენერალი საქართველოში თავისი კუთვნილი ბანკის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბანკის მყიდველი კი ჩინური ჰუალინგ ჯგუფი იქნება. გარიგების შემდეგ, ბანკი რესპუბლიკა არსებული სახით ოპერირებას აღარ გააგრძელებს და ის ჰუალინგ ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ ბანკს - ბაზისბანკს შეერწყმება. გარიგების შედეგად მიღებული ბანკის ზომა ქვეყანაში სიდიდით მესამე იქნება.

"ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენს ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნის უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე, დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით. შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალ გაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში დაახლოებით 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ ოპერაციას ჯგუფის კოეფიციენტებზე სულ მცირეოდენი ზეგავლენა ექნება. EBRD-ის წილი დაახლოებით 3.9% იქნება, ისიც დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და კვლავ იქნება საქართველოს საბანკო ბაზრის ერთგული ფინანსური პარტნიორი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ რესპუბლიკის და ბაზისბანკის ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და, შესაბამისად, საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე რეგისტრაციას ჩინეთში", -წერია ბანკის განცხადებაში.

ჰუალინგ ჯგუფის შესახებ

ჰუალინგ ჯგუფი მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის სინჯიანის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და ძირითადად მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა, ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ასევე ფლობს ერთ-ერთ ბანკს, ბაზისბანკს, საქართველოში და ფინანსურ აქტივებს ჩინეთში.

სოსიეტე ჟენერალის ჯგუფის შესახებ

"სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მსხვილი ევროპული საფინანსო ჯგუფია. კომპანია 150 წლის წინ დაფუძნდა და ის მსოფლიოს 66 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მასში დასაქმებულთა რაოდენობა კი 154 ათასია. ბანკის კლიენტთა რაოდენობა 31 მილიონს აღემატება. 

კომენტარები