11 სექტემბერი

მარგველაშვილი: 9/11 იყო თავდასხმა საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტი 11 სექტემბრის ტერაქტების 15 წლისთავთან დაკავშრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წერილს უგზავნის. გიორგი მარგველაშვილის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"თქვენო აღმატებულებავ, თხუთმეტი წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეაძრწუნა. 9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა.

დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას ვუცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ 15 წელი გავიდა. 2001 წელს, 4 თვითმფრინავის გატაცებისა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე (ე.წ. ტყუპები) შეჯახების შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფ­ლი­ოს 86 ქვეყ­ნი­დან. და­შავ­და ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი. 

კომენტარები